
ჩემ შესახებ, ანუ როგორ გავათხოვე მთელი კლასი თორმეტი წლის ასაკში
თორმეტი წლის ვიყავი, როცა ჩემი კლასელები სარფიანად გავათხოვე. ყველა. ზოგი ორჯერაც. ჯვარი არავის დაუწერია, მაგრამ ტარომ თქვა, ტაროს კი ვინ შეეკამათებოდა.
ეს ამბავი ცოტა ადრე დაიწყო. ბავშვობიდან მატერია მომწონდა, ოღონდ ისე, როგორც კარგი სახლი უფანჯროდ: ლამაზია, თბილია, მაგრამ ჰაერი აკლია. რაღაც ტანში არ მაყენებდა და მეკითხებოდა: „ეს არის და ეს?“ ჰოდა, დავიწყე ძებნა იმისა, რაც თვალით არ ჩანს.
მერე მოვიდნენ შავბნელი 90-იანები. შუქი გრაფიკით გვქონდა, იმედი ტალონებით, და სწორედ მაშინ დედაჩემის მეგობარმა სახლში ტარო შემოიტანა. ეს არ იყო უბრალოდ კარტი. ეს იყო სასწაული, რომელიც შემთხვევით ჩვენს სამზარეულოში მოხვდა.
ხუთთეთრიან ქსეროქსში ისე გავიქეცი, გეგონებოდა, ქვეყანას ვაფრთხილებდი, რომ ჩემგან დიდი ტაროლოგი გოგო დადგებოდა. გადავაქსეროქსე, ბამბანერკის შეფუთვის ყდებზე დავაკარი, მუყაოთი გავამაგრე და ყოველ კარტზე ოთხ-ხუთ სიტყვას ესპანური ლექსიკონით ვთარგმნიდი, ლამპის შუქზე, კერასინკას მიფიცხებული. ჩემი პირველი ტარო ესპანურად ლაპარაკობდა, ქართულად ფიქრობდა და იმ ბამბანერკის სუნი ასდიოდა, რომელიც მთელ ქალაქს მოივლიდა და მარტო ჩვენს სახლში იხსნებოდა ხოლმე.
თამაში თამაშად, მაგრამ ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ტარო დიდებსაც ეხმარება. დიდებს კი, როგორც ცნობილია, გათხოვების გარდა სხვა პრობლემებიც აქვთ: სამსახური, ვალი, დედამთილი და ის ერთი ნათესავი, რომელმაც ყველაფერი უკეთ იცის.
ტარო პირველი თოვლის გუნდა იყო. აგორდა, აგორდა და გზაში ყველაფერი აიკრა: ვედური ასტროლოგია, მედიტაციები, სულიერი ლიტერატურა, კრია იოგა, დოლორეს ქენონის კვანტური ჰიპნოჰილინგი (QHHT), ჩენელინგი და იმდენი კურსი, რომ ახლა თავადაც ვატარებ. ზოგიერთი მათგანი ჩანაწერში შეგიძლია შეიძინო აქვე, საიტზე, შორს წასვლა არ მოგიწევს.
ახლა ის, რასაც ჩემზე ვერ იფიქრებდი
მიყვარს იუმორი. ძალიან! ვწერ წიგნებს (აბსურდულს, რა თქმა უნდა), მიყვარს სიცილი და მოგზაურობა, განსაკუთრებით ინდოეთში. ინდოეთი პირველივე ჩასვლაზე ისე შემხვდა, თითქოს დიდი ხანია მელოდებოდა და ჩაი უკვე დასხმული ჰქონდა. მერე ჩემი ასტროკარტოგრაფია გავაკეთე და აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავებმა ეს დიდი ხანია იცოდნენ. უბრალოდ, არ მეუბნებოდნენ.
და კიდევ ერთი აღიარება: მოსაწყენი ცხოვრებაც მიცხოვრია. ბუღალტერიც ვყოფილვარ და საჯარო მოხელეც. დებეტს კრედიტს ვურიგებდი, ბეჭედს ბეჭედზე ვარტყამდი და დღის ბოლოს საწოლის თავთან მელოდებოდა ჩემი იდუმალი ცხოვრება.
ასე რომ
თუ ჩემთან მოხვალ, ნუ გეშინია. სერიოზულ კითხვებს სერიოზულად ვუპასუხებ, ოღონდ ღიმილით, რადგან სული სიცილით უფრო ადვილად იხსნება.
ტარო ახლა ნამდვილი მაქვს, ბამბანერკის ყდების გარეშე. მაგრამ ის პირველი, ხელნაკეთი დასტა ჯერ კიდევ ინახება.
შენი კითხვები
დამისვი კითხვა
დამისვი კითხვა, რაც გაინტერესებს: ასტროლოგია, ურთიერთობები, სულიერი გზა. საინტერესო კითხვებს საიტზე ვუპასუხებ და როცა პასუხი გამოქვეყნდება, მეილზე შეგატყობინებ.
აქ ზოგად კითხვებს ვპასუხობ. პირადი რუკის წაკითხვა უფასოდ არ ხერხდება, მაგისთვის შეკვეთის გვერდი გაქვს.