Kato Jyotish ✦
ძველი თბილისის კარნავალი: ქალი წითელ დროშებიან მოტოციკლზე მარსის კაცს ეხუტება, კუთხეში იუპიტერის კაცი ორი ბამბის ნაყინით დგას. წარწერა: როგორი მამაკაცი გიზიდავს VS როგორი გჭირდება
← სტატიები

მარსი გიზიდავს, იუპიტერი გჭირდება!

ანუ რატომ ვერ ვიმეჩებით არა მარტო ტინდერში, არამედ საკუთარ თავთანაც?

კატო მაყაშვილი · 27 ოქტომბერი, 2026

დეითინგს დღეს თავისი ოფისი აქვს, სადაც მხოლოდ ორი თანამშრომელი მუშაობს: მარცხნივ სვაიპი და მარჯვნივ სვაიპი. მარცხნივ სვაიპი დილიდან ღამის სამ საათამდე ზეგანაკვეთურად შრომობს და ხელფასს არავინ უხდის. მარჯვნივ სვაიპი კი ძირითადად შვებულებაშია, სამსახურში წელიწადში ორჯერ გამოდის და ორივეჯერ ისეთ კაცზე, რომელიც ფოტოზე თევზს ეხუტება. არა, არაფერი ისეთი არ იფიქრო, მეთევზე კაცები საუკეთესო პარტიაა მათთვის, ვისაც ხანგრძლივი აბაზანები უყვარს: დაგელოდება, რამდენ ხანსაც გინდა, შენამდე ქალმა თევზებმა გამოწვრთნეს მისი მოთმინება.

ჩვენ გვეგონა, რომ პრობლემა მხოლოდ აპლიკაციაშია. რომ ის, ვინც გვინდა, უბრალოდ ჯერ არ დარეგისტრირებულა, ან დარეგისტრირდა, მაგრამ პაროლი დაავიწყდა. ახლა კი ვარსკვლავებმა თქვენ ჯერ თქვენ თავში დალაგდითო შემოგვითვალეს. ქალის რუკაში ერთი პლანეტა ამბობს, ვინ გიზიდავს, მეორე კი, ვინ გვჭირდება. რატომ აგვიტეხეს ამდენი საფიქრალი პლანეტებმა, ჩვენი არ გვეყოფოდა ნეტავ? დილით ჩაი დავლიოთ თუ ყავა, ამასაც ვერ ვირჩევთ ხოლმე და ახლა მარსი და იუპიტერიო კიდევ. ეს ორი პლანეტა, როგორც ჩანს, ერთმანეთს არ ელაპარაკება. თითქოს ერთ ბინაში ცხოვრობენ, მაცივარზე წერილებს უტოვებენ ერთმანეთს და ერთი მეორის წერილს ზემოდან თავისას აკრავს.

დეითინგის მოკლე ისტორია, ანუ როგორ მივედით აქამდე?

ბებიაჩვენს ბაბუა ჭიშკართან სამი წელი ელოდა. ბებიამ ფანჯრიდან ერთხელ გაუღიმა და ეს უკვე ნიშნობას ნიშნავდა. ორჯერ რომ გაეღიმა, ალბათ პირდაპირ ქორწილი იქნებოდა.

დედაჩვენების თაობამ ყველაფერი სახლის ტელეფონით გადაწყვიტა. ზარს მამა პასუხობდა და ეს უკვე ტესტი იყო: ვინც მამასთან ოც წამს გაუძლებდა, ის ღირსი იყო. თუ დავფიქრდებით, ეს სინასტრიის ყველაზე ადრეული ფორმაა, ოღონდ ასტროლოგის ნაცვლად მამა იჯდა, ხელში ყურმილით და წარბშეკრული.

ჩვენ კი გვაქვს აპლიკაცია, სადაც ერთ საათში ორმოცდაათ კაცს ვხედავთ. ბებიას მთელი ცხოვრების განმავლობაში ორმოცდაათი კაცი საერთოდ არ უნახავს. მეზობლების, ნათლიების და მამიდაშვილის ნათლიის ჩათვლით. არჩევანი გაიზარდა, არჩევის უნარი კი, როგორც ჩანს, იმავე ჭიშკართან დარჩა.

თანამედროვე დეითინგის ფაუნა დაახლოებით ასე გამოიყურება:

კაცი, რომელიც ფოტოზე თევზს ეხუტება. თევზი ყოველთვის უფრო ბედნიერი ჩანს.

კაცი სპორტდარბაზის სარკის წინ, რომელიც ბიოში წერს „სერიოზულს არაფერს ვეძებ“ და ეს ერთადერთი რამაა, რასაც სერიოზულად ამბობს.

კაცი, რომლის პირველი მესიჯი ერთი სიტყვისგან შედგება: „ჰეი“. გაბედულ დღეებში: „ჰეი, როგორ ხარ?“.

კაცი, რომელიც სამი დღე ლამაზად გწერს, მეოთხე დღეს ქრება, ექვსი თვის შემდეგ კი სთორიზე ცეცხლის ემოჯის გიგზავნის, თითქოს უბრალოდ გამოიარა თეიქ-ევეი 18-ლარიანი ყავით, 500-ლარიან სამსახურში მიმავალ გზაზე.

ამ ყველაფერს ახლა „სიჩუეიშენშიფი“ ჰქვია: ურთიერთობა, რომელსაც სახელი არ აქვს, ზუსტად ისე, როგორც ბავშვს, რომელზეც მშობლები ჯერ კიდევ კამათობენ, ბაბუის სახელი დაარქვან თუ ფეხბურთელის.

„სიჩუეიშენშიფს“ თავისი ლექსიკონიც მოჰყვა. „ლავ ბომბინგი“, როცა პირველ კვირაში იმდენ კომპლიმენტს გესვრიან, რომ შენი თავმოყვარეობა უკვე ჩაფხუტით დადის. „ბრედქრამბინგი“, როცა ურთიერთობის ნაცვლად პურის ნამცეცებს გიყრიან: ერთი ლაიქი სამშაბათს, ერთი „რას შვრები?“ კვირას, ზუსტად იმდენი, რომ ტყიდან არ გახვიდე. და ბოლოს „ვაიბ ჩეკი“: პირველი შეხვედრა, რომელსაც პაემანს არავინ ეძახის, „უბრალოდ ყავაა“, თუმცა სინამდვილეში ორივე მხარე ფარულად გამოცდას აბარებს. ყურადღებით ითვლება, როგორ იცინის, როგორ ელაპარაკება მიმტანს და რამდენჯერ ჩაიხედა ტელეფონში. ზუსტად სამსახურის გასაუბრებასავით, ოღონდ აქ შედეგს წერილით არავინ გატყობინებს. პასუხი ან ორდღიანი დუმილია, ან ფრაზა „კარგი აბა დროებით“, რაც, როგორც გამოცდილება გვასწავლის, ორივე ერთსა და იმავეს ნიშნავს.

და აი, ამ ჯუნგლებში ჩვენ, ქალები, დავდივართ ორი რუკით ხელში. ერთზე წერია „მარჯვნივ“, მეორეზე „მარცხნივ“. ჩვენ, ქალების უმრავლესობა, ისედაც ბიოლოგიურად რთულად ვარჩევთ მარჯვენას და მარცხენას, და ეს კიდევ ერთი დამატებითი ბუღალტერი დაემატა საკითხს.

ცოტა სერიოზულად

ვედურ ასტროლოგიაში ყველა პლანეტას თავისი სამსახური აქვს, ზოგს რამდენიმეც, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ვინც ორ სამსახურში ვმუშაობთ და მესამეზე ვფიქრობთ. რას ვიზამთ, პლანეტებსაც კი ასეთი რეალობა დაუდგათ.

მარსი (მანგალა) არის ენერგია, ვნება, სურვილი, გამბედაობა, ადრენალინი. ქალის რუკაში ის აჩვენებს მამაკაცურ ენერგიას, რომელიც გიზიდავს. იმას, რაზეც სხეული რეაგირებს მანამ, სანამ გონება ფიქრს მოასწრებს. მარსი არის ის წამი, როცა ოთახში ვიღაც შემოდის და შენ უცებ გახსენდება, რომ თმა არ დაგივარცხნია.

იუპიტერი (გურუ, ბრიჰასპატი) კლასიკურ ვედურ ტექსტებში ქალის რუკაში ქმრის მაჩვენებელია. იუპიტერი არის მფარველობა, სიბრძნე, სიკეთე, სტაბილურობა და ზრდა. ის აჩვენებს, რა ტიპის კაცთან იზრდები, ვისთანაც დაცული ხარ და ვისთანაც ცხოვრება შენდება და არ ინგრევა.

მარტივად რომ ვთქვათ: მარსი მუცელში პეპლების გადაფრენაა. იუპიტერი სახლს აშენებს, სადაც ამ პეპლებს ზამთარში არ შესცივდებათ.

მარსის კაცი: როცა მუცელში პეპლები კი არა, მთელი ზოოპარკია

მარსის კაცთან გული ისე გიცემს, თითქოს პირველად იფრინე პარაპლანით და სადღაც წამიერად გულიც კი წაგივიდა. ტელეფონს ორმოცჯერ ამოწმებ, ის ონლაინაა თუ არა. მისი „ჰაჰა“ სამი საათი ლიდერობდა დაქალთან სასწრაფოდ განსახილველი ამბების ჩარტში.

ის გპირდება ვარსკვლავებს. სიტყვასიტყვით. ერთ ღამეს გეუბნება, რომ ცას ჩამოგიტანს, დედამიწას ფეხქვეშ დაგიგებს და მთვარეს შენ სახელს დაარქმევს. მეორე დღეს კი ავიწყდება, რომ შეხვედრა გქონდათ დაგეგმილი. ვარსკვლავები ძალიან შორსაა, შენი სადარბაზო უფრო ახლოს, მაგრამ, რატომღაც, უფრო ძნელად მაინც და მაინც შენამდე მოდის.

- ისე ჩამხედა თვალებში, მგონი ის ის არის და მე მე ვარ.

- და მერე?

- მერე ოთხი დღე აღარ გამოჩენილა.

მარსი თავის ნიშნის მიხედვით სხვადასხვა კოსტიუმს იცვამს:

მარსი ვერძში: მოგწონს კაცი, რომელიც მოტოციკლით მოვიდა, თუმცა მოტოციკლი არ აქვს, გზად ძმაკაცს გამოართვა უბრალოდ. გადაწყვეტილებებს ერთ წამში იღებს და შეიძლება შენ საერთოდაც არ მიიღო მათში მონაწილეობა.

მარსი ლომში: გიზიდავს კაცი-სცენა. ის ოთახში კი არ შემოდის, ჩნდება. ტაშს ელოდება მაშინაც, როცა უბრალოდ წყალი დალია. საკუთარი გასაშლელი სცენით დადის, რომ რამდენიმე სანტიმეტრით ამაღლდეს ჩვეულებრივ მოკვდავებზე. ისე მჭევრმეტყველებს, რომ ერთი სიტყვაც რომ არ გესმოდეს, მაინც იფიქრებ, მე ვარ დებილიო, და მასში ეჭვს არ შეიტან.

მარსი მორიელში: მოგწონს იდუმალი, ინტენსიური, ოდნავ საშიში. ისეთი, ვინც მესიჯზე არ გიპასუხებს. იდუმალ ვითარებაში ქრება, ისე, რომ სოცქსელებიდანაც შეიძლება აღიგავოს და მართლა იფიქრო, რამე ხომ არ დაემართაო, და დიდი ალბათობით არ შეცდები. სანამ შენ ელოდებოდი, ონლაინ როდის დაეწერებოდა, ის ამ დროს დემონებს ებრძოდა: დიდ თერთმეტთავიან დევს მოაჭრა ორი თავი, ერთი თავი შამანებს წაუღო, რომლისგანაც შამანური სამკაულები დაიმზადა და ზედ შეისხა, მეორე თავი კი შეინახა შემდეგი თავგადასავლისთვის. უკანა გზაზე ცხრა მთა და ცხრა ზღვა იარა და, აი, შენთანაც დაეწერა ონლაინ.

მარსი ტყუპებში: გიჟდები ჭკვიან მოლაპარაკეზე. ღამის სამ საათზე ფილოსოფიაზე გწერს, დილის ცხრაზე კი არ ახსოვს, ვინ ხარ. იმ მომენტში ისეთი ქონექშენი გაჩნდა, რომ გეგონა, ეს სამუდამოა, მაგრამ კარგ გამოძინებასთან ერთად მისთვის ეს თავგადასავალი ნულიდან იწყება, შენ კი გაგრძელებას ელოდები.

მარსი თევზებში: მოგწონს პოეტი, მუსიკოსი, დაკარგული სული. ის შენთვის სიმღერას დაწერს, ოღონდ ქირას შენ გადაიხდი, პოეზიის კრებულს შენ დაუბეჭდავ და წიგნის პრეზენტაციასაც შენ მოუწყობ. ის ცოტა მორცხვად შეხვდება აუდიტორიას, სიტყვაძუნწობას მისტიკურობაში ჩაუთვლიან და აღიარებაც იქვეა. ივენთის ბოლოს შენ დაჯდები საჭესთან, წახვალთ სახლში და გაისტუმრებ ძიძას.

მარსი თხის რქაში: გიზიდავს ამბიციური, ძლიერი, ცოტა ცივი კაცი, რომელსაც კალენდარში ჩაწერილი ჰყავხარ. სამწუხაროდ, „ოდესმე“ გრაფაში. მას ჯერ თავისი პროტეინის სმუზები და კარდიო ვარჯიშები აქვს გეგმაში, მერე კარიერული გეგმები, მეგობრები და ბოლოს შენ. თუ გამოინახა მის მკაცრ კალენდარში შენი ადგილი, დეითიც ასეთივე დაგეგმილია და გასაუბრებას ჰგავს: ფაილი „სად ხედავ შენს თავს 5 წელიწადში“ უნდა ჩააბარო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადახედავს და თავის 5-წლიან გეგმას შეადარებს, შეიძლება დაგაწინაუროს და მეგობრების ფოლდერში გადაგსვას.

მარსი ცუდი არ არის. მარსის გარეშე ცხოვრება ტორტი იქნებოდა შაქრის გარეშე, ბოლოს და ბოლოს. გამბედაობა, ცეცხლი, მიზიდულობა საჭიროა. უბრალოდ, მარსი შესანიშნავი პირველი პაემანია და ძალიან სახიფათო ქორწილის მეორე დღე.

იუპიტერის კაცი: „აუ, გოგო, რაღაც მოსაწყენი ტიპია“

ახლა წარმოიდგინე სულ სხვა კაცი. ის გწერს მაშინ, როცა თქვა, რომ მოგწერდა. პაემანზე დროზე მოდის. ახსოვს, რომ ქინძი არ გიყვარს და მიმტანს ჩუმად ეუბნება, რომ სალათში არ ჩაუმატოს. ვარსკვლავებს არ გპირდება. ქოლგას გიყიდის წვიმიან ამინდში.

და შენ, დეითის შემდეგ, დაქალს წერ:

- აუ, გოგო, რაღაც მოსაწყენი ტიპია.

- რატომ, რა მოხდა?

- იცი, რა მითხრა? ხვალ დაგირეკავო.

- ჰოდა?

- ხვალ დამირეკა.

- იუუუ.

იუპიტერის კაცთან ნერვული სისტემა ისვენებს, რომელიც წლების განმავლობაში დრამებზე, „ონლაინ იყო და არ მომწერა“ სცენარებზე იყო გაწვრთნილი, სიმშვიდეს მოწყენილობად კითხულობს. ისე, როგორც ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მეტროსადგურთან ცხოვრობდა, სოფელში პირველ ღამეს ვერ იძინებს, იმიტომ, რომ „ძლიერი სიჩუმეა და რაღაც ხომ არ ხდება?“.

იუპიტერის კაცმა შეიძლება არაფერი სანახაობრივი არ გაგიკეთოს. არც სერენადა, არც ვერტმფრენით და ცხენით მოგადგება, არც ხელის თხოვნა პომპეზურ ადგილას. მაგრამ ზუსტად მასთან იგრძნობ თავს დასვენებულად. მასთან იძინებ მშვიდად და ტელეფონს ბალიშის ქვეშ არ შეინახავ. ეს არ არის მოწყენილობა. ეს არის უსაფრთხოება, რომელიც ჯერ არ გაგიცნია.

იუპიტერიც თავის ნიშანში თავის ფორმას იღებს:

იუპიტერი კირჩხიბში: გჭირდება კაცი, რომელიც გაცივებულ წვნიანს გაგიცხელებს და საწოლში მოგართმევს, თან უბრალოდ წვნიანს კი არა დედაშენის რეცეპტით გაკეთებულს, რომელიც შენს ზურგს უკან ჩუმად გამოითხოვა, რომ საუკეთესოდ ეზრუნა შენზე. პლედს მოგახვევს და ფეხებს შეგიმოწმებს ხომ არ შესცივდათ.

იუპიტერი კუროში: გჭირდება სტაბილური, ხელშესახები, ცოტა ზარმაცი, მაგრამ საიმედო კაცი. მას აქვს ბინა, დივანი და დივანზე პლედი, რომელიც უკვე შენზე ფიქრობს. ის ყველაფერს ძალიან მარტივად და კომფორტის ჭრილში უდგება: ჭურჭელია გასარეცხი? გადავყაროთ და ახალი ვიყიდოთ!

იუპიტერი ქალწულში: გჭირდება კაცი, რომელიც ონკანს აკეთებს და ვიტამინების დალევას გახსენებს. რომანტიკული არ ჟღერს, სანამ ონკანი არ გაგიფუჭდება. შენი პიემესის დღეები გონებაში აქვს ჩაბეჭდილი და ახსოვს, მაღაზიიდან რა წამოგიღოს. შეიძლება მაინც და მაინც ლამაზი ჟესტით ვერ მოგართვას და მშრალად მოგაჩეჩოს, მაგრამ ქალწულის ზრუნვა ასეთია, თავისებურად ბუღალტრული.

იუპიტერი მშვილდოსანში: გჭირდება მასწავლებელი, მოგზაური, ფილოსოფოსი. ვინც გაგზრდის და ინდოეთში წასვლაზეც დაგთანხმდება. საღამოობით სეირნობისას იმ დღეს წაკითხული სულელური პოსტიდან გამოტანილ ღრმა დაკვირვებას გაგიზიარებს. იდეების სამყაროში თავისუფლად ცურავს და ყველაფრის ფართო სამყაროსეული აღქმა შეუძლია.

იუპიტერი თევზებში: გჭირდება კეთილი, რბილი, სულიერი კაცი, ვინც შენს ცრემლებს არ დაცინის და მითუმეტეს მისი მიზეზი არასდროს გახდება. ის ისეთს მიგიღებს, როგორიც ხარ, რადგან მას თავის თავში ამ სამყაროს ყველა წახნაგი უკვე მიღებული აქვს და შენში მიუღებელს ვეღარაფერს შენიშნავს. ის უპირობოდ აგყვება ნებისმიერ დიდ და კეთილ იდეაში და მასშტაბებს გაგიფართოვებს.

იუპიტერი თხის რქაში: აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. შეიძლება სტაბილურობის სახელით მშრალი, ზედმეტად პრაქტიკული კაცი აირჩიო, ვინც სიყვარულს ექსელში ითვლის. ამ დროს მთავარია, იპოვო ის, ვინც პასუხისმგებლობასთან ერთად სითბოსაც ატარებს.

ნიშანს ემატება სახლიც. იუპიტერი მე-4 სახლში ხშირად სახლის, ოჯახის, კერის კაცზე მიანიშნებს, მე-9 სახლში მასწავლებელზე ან უცხოელზე, მე-10 სახლში ვინმეზე, ვისაც საზოგადოებაში წონა აქვს. ყველა შემთხვევაში იუპიტერი პატიოსნად აჩვენებს მისამართს. უბრალოდ, ჩვენ იქ ვერ ვაკითხავთ, რადგან პარალელურად მარსის მესიჯს ველოდებით.

რედ ფლეგები, გრინ ფლეგები და „ათიდან ათია, მაგრამ…“

ინტერნეტმა დეითინგს შუქნიშანი დაუყენა. წითელი დროშა (რედ ფლეგი) ნიშნავს: გაიქეცი. მწვანე დროშა (გრინ ფლეგი): დარჩი. ახლა ბეჟიც გაჩნდა (ბეიჯ ფლეგი): უცნაური, მაგრამ უწყინარი ჩვევები, მაგალითად, როცა კაცი ყველა მესიჯს ერთნაირად ამთავრებს: „ოკ.“, ისიც წერტილით, თითქოს სამინისტროს ბრძანებას აწერს ხელს. ასტროლოგიურად ეს შუქნიშნები საინტერესოდ და ზუსტად ნაწილდება.

მარსი რედ ფლეგების ოსტატია. ის ისედაც წითელი პლანეტაა, ამიტომ მის დროშებს ვერ ვამჩნევთ: წითელ ფონზე წითელი დროშა უბრალოდ არ ჩანს. უფრო მეტიც, ჩვენი მარსი წითელ დროშებს ფეიერვერკად აღიქვამს. თითქოს მთელი ქუჩა გაფრთხილების ნიშნებითაა მოფენილი, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ფესტივალია და ვიწყებთ გართობას.

იუპიტერი კი მწვანე დროშებით დადის და ჩვენ მათ მოსაწყენ დროშებს ვარქმევთ. „დედაზე კარგად ლაპარაკობს. იუუ.“ „თერაპიაზე დადის და ემოციებზე ლაპარაკი იცის? მაგის იმედი როგორ უნდა მქონდეს?“

ამ ფესტივალიდან კი ისევ რედ ფლეგიან მოტოციკლეტს მიჰყვები, რომელიც ამ დროშებს თვალწინ გიფრიალებს, თუმცა ფესტივალს უხდება და სადღესასწაულო განცდას გიჩენს. ფესტივალს კი უეჭველად მოჰყვება მეორე დღის პახმელია, როდესაც იღვიძებ ბაიკერის გვერდით, მისი ტანსაცმელი და წითელი დროშები შენს დალაგებულ სახლშია მიმოფანტული, წითელი დროშები შენი სახლის იატაკზე ახლა უკვე კარგად შეიმჩნევა. ისევ ის მოსაწყენი იუპიტერის კაცი გახსენდება, უხერხულად ბამბის ნაყინზე რომ დაგპატიჟა.

„ათიდან ათია, მაგრამ…“ ასტროლოგიურ ვერსიაში:

ათიდან ათია, მაგრამ მარსი მორიელშია და შენი ლოკაცია ყოველთვის იცის, თუმცა არასდროს უკითხავს.

ათიდან ათია, მაგრამ მარსი ტყუპებშია და შვიდ ჩატში ერთდროულად „მხოლოდ შენ გელაპარაკება“.

ათიდან ათია, მაგრამ მარსი ვერძშია: სამ პაემანზე სამჯერ წაეჩხუბა მიმტანს, ერთხელ კი ჩასარიცხ აპარატსაც.

ათიდან ათია, მაგრამ მარსი ლომშია და შენს ფოტოებზეც შენზე უკეთ გამოდის.

ათიდან ათია, მაგრამ მარსი თევზებშია და შენთვის დაწერილი სიმღერა ყოფილსაც დაუწერა შენამდე, სახელიც კი არ შეუცვლია.

იუპიტერის ვერსია, რომელიც ჩვენს ჩატებში სულ სხვა ტონით ჟღერს:

ათიდან ექვსია, მაგრამ ყოველ დილით გწერს „როგორ გეძინა?“ და პასუხსაც კითხულობს.

ათიდან ხუთია, მაგრამ შენი მამიდის სახელიც ახსოვს და მისი ქალიშვილის ნიშნობის თარიღიც.

ათიდან ოთხია, მაგრამ ამ წელს შენს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდად გეძინა.

ყურადღება მიაქციე: მარსის „ათიდან ათი“ თითქმის ყოველთვის ფოტოზე ფასდება, იუპიტერის „მაგრამ“ კი ცხოვრებაში. პირველს ეკრანით ზომავ, მეორეს ნერვული სისტემით.

რჩევა მარტივია. რედ ფლეგი ის კი არ არის, რაც გაშინებს, არამედ ის, რასაც შენი დაქალი ხედავს, შენ კი „ხასიათის თავისებურებას“ უწოდებ. გრინ ფლეგი კი ის არის, რაზეც პირველად იღიმი, მეორედ ამთქნარებ, მესამედ კი ხვდები, რომ ეს დამთქნარება უბრალოდ შენი სხეულის მადლობა იყო, რადგან ბოლოს და ბოლოს მოდუნდი.

როცა მარსი და იუპიტერი ერთ ბინაში ცხოვრობენ

ხანდახან ორი მეზობელი მაცივარზე წერილებს აღარ უტოვებს ერთმანეთს. ერთ დღესაც ერთ მაგიდასთან სხდებიან, ერთად სვამენ ყავას და აღმოაჩენენ, რომ ერთსა და იმავე კაცზე ფიქრობდნენ. ვედურ ასტროლოგიაში ამას გურუ-მანგალა იოგა ჰქვია: მარსი და იუპიტერი ერთ ნიშანში დგანან ან ერთმანეთს ასპექტით უყურებენ.

ასეთ ქალს „მომწონს“ და „მჭირდება“ ერთ მისამართზე აქვს ჩაწერილი. მისი კაცი პაემანზე მოტოციკლით მოდის, მაგრამ ჩაფხუტს შენთვისაც მოიტანს. ვარსკვლავებს გპირდება, ხვალ მოვა და ვარსკვლავის ბრელოკს მოგიტანს. ჩხუბობს, ოღონდ შენთვის და არა შენთან.

თუ შენს რუკაში ეს ორი ერთად დგას, ნიშნავს, რომ არჩევანის გაკეთება აღარ მოგიწევს. არჩევანი უკვე გაკეთებულია. უბრალოდ, ის კაცი უნდა იპოვო, რომელიც პეპლებსაც გიჩენს და ზამთრისთვის შეშასაც დაჩეხავს.

როგორ გავარჩიოთ: სასიცოცხლო ტესტები

ასტროლოგიური რუკა საუკეთესო რჩევას იძლევა, მაგრამ მანამ, სანამ რუკას გახსნი, აი, რამდენიმე ნიშანი:

პეპლების ტესტი. დააკვირდი, როდის დაფრინავენ პეპლები. თუ მხოლოდ მაშინ, როცა ის არ გწერს, ეს პეპლები კი არა, შფოთვაა, რომელმაც ფრთები შემოისხა.

ორშაბათის ტესტი. წარმოიდგინე ეს კაცი ორშაბათ დილას, რვა საათზე, როცა სიცხე გაქვს, გათბობა გაფუჭდა და ძაღლმა ფეხსაცმელში მოისაქმა. რას აკეთებს? მარსის კაცი ამ სცენაში, როგორც წესი, არ ჩანს. იუპიტერის კაცი უკვე ხელოსანს ურეკავს, აფთიაქში გარბის და ძაღლი თან მიყავს.

დაქალის ტესტი. როცა დაქალს ეუბნები „მოსაწყენია“, სიტყვა შეცვალე „მშვიდით“. თუ წინადადებამ ისევ აზრი შეინარჩუნა („აუ, გოგო, რაღაც მშვიდი ტიპია“), შეიძლება საქმე არც ისე ცუდად იყოს.

ვარსკვლავების ტესტი. გაიხსენე, ვინ დაგპირდა ვარსკვლავებს და ვინ მოგიტანა ქოლგა წვიმაში. ვარსკვლავები მილიარდობით წელია ცაზე არიან და იქ იქნებიან. ქოლგა კი სწორედ იმ დღეს გჭირდებოდა.

ძილის ტესტი. პაემნის შემდეგ ტკბილად იძინებ თუ ორმოცჯერ ამოწმებ, „ბოლოს ონლაინ“ რა დროს წერს? სხეული ტყუილს არ ამბობს. ის, უბრალოდ, ხანდახან დრამებზეა მიჩვეული.

ბებიის ტესტი. გაუღიმებდა ბებია ასეთ კაცს მეორედ თავისი ფანჯრიდან? ბებიას ასტროლოგია არ უსწავლია, მაგრამ იუპიტერს ჭიშკართანვე ამოიცნობს.

მაშ, რა ვქნათ მარსთან?

არაფერი, თუ მას სწორ სამსახურში დანიშნავ. მარსი შეუცვლელია მოტივაციაში, სპორტში, კარიერულ მიზნებში და, რა თქმა უნდა, ურთიერთობის ცეცხლის შენარჩუნებაში. მიზანი არ არის, რომ მარსი გავათავისუფლოთ. მიზანი ისაა, რომ ქორწინების საქმეებში მას ხელმოწერის უფლება არ მივცეთ.

იდეალურ შემთხვევაში, ვეძებთ კაცს, რომელშიც ორივე ცხოვრობს: ვისთანაც გული ჩქარდება და ნერვული სისტემა მაინც ისვენებს. ის არსებობს. უბრალოდ, ხშირად პირველ პაემანზე იუპიტერის ტანსაცმლით მოდის და მარსის ქუდს მესამე პაემანისთვის ინახავს. ამიტომ, სანამ „მოსაწყენს“ მარცხნივ დაასვაიპებ მიეცი მას ერთი შანსი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ დაგირეკოს.

პეპლები ლამაზია. მაგრამ პეპლები ზამთარს ვერ უძლებენ. ზამთარს უძლებს ის, ვინც შეშას მოიტანს, ცეცხლს დაანთებს და გეტყვის: „ჩაი დაგისხი, შენ რომ გიყვარს იმ ჭიქაში“.

და ეს, ყოველგვარი ვარსკვლავების გარეშე, ძალიან ჰგავს სიყვარულს.

თუ გინდა ზუსტად გაიგო, შენს რუკაში სად ცხოვრობს შენი მარსი და სად გელოდება იუპიტერი, რომელ ნიშანში, რომელ სახლში და რომელ ნაქშატრაში, ეს ყველაფერი შენს დაბადების რუკაშია ჩაწერილი. უბრალოდ, ხანდახან ვინმე უნდა დაგეხმაროს, რომ მაცივარზე მიკრული ორი წერილი ერთმანეთს დაადარო.

აქ შეგიძლია შენი პირადი ვედური რუკის შედგენა, პირადი კონსულტაცია არ შედის მაგრამ მარსის და იუპიტერის მისამართებს შენითაც მიაგნებ აწი.

მოგეწონა? გაუზიარე მეგობარს:

✦

სად ცხოვრობს შენი მარსი და სად გელოდება იუპიტერი?

შეადგინე შენი ვედური რუკა უფასოდ