
აბსურდონავტები · I ნაწილი
უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე
კატო მაყაშვილი, თეკო მამალაძე · 2026
ანოტაცია · ნაწილი 1. უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე
ორშაბათს ყველა ვერ იტანს. ეს ახალი ამბავი არ არის. ახალი ამბავი ისაა, რომ ერთ დღეს ორშაბათმაც გაიგო.
გაიბუტა თავის თავზე, გაიბუტა წინაპრებზე, გაიბუტა კაცობრიობაზე. მერე ძველი ტყავის ჩემოდანი ჩამოიღო, ის, სადაც წარუმატებელი მიზნების საბაბები ინახება, ჩაალაგა პირველი მაღვიძარა, გეგმების ასაწყობი კონსტრუქტორი და წინაპრების ფოტოები, და კარი გაიჯახუნა.
დედამიწაზე კი ცხოვრება გრძელდება, ოღონდ ცოტა უცნაურად. დატა ბაგაშვილი, ერორის ძე და უფროსი აიტი სპეციალისტი, ყოველ ორშაბათს ცხოვრების შეცვლას აპირებს (სოფელში დაბრუნებას, თუ იქ Wi-Fi იქნება). არქიტექტორი ორმოცდაათს გადაცილებულია, პენსიის სიმშვიდეს ელოდება და ამ ლოდინში მხოლოდ კუებს და მცენარეებს ენდობა. მის ქვემოთ ცხოვრობს ჰაიკუ, ახალგაზრდა მწერალი ნახევრად ჭაღარა ხუჭუჭა თმით, რომელსაც ჯერ არცერთი წიგნი არ დაუწერია, სამაგიეროდ, ზემოდან წყალი ჩამოსდის და ხელოსანს ორშაბათს ელოდება.
მხოლოდ ერთი პრობლემაა: ორშაბათი აღარ მოდის.
„უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე“ არის „აბსურდონავტების“ პირველი ნაწილი: ამბავი იმაზე, რა ხდება, როცა კვირის ყველაზე შეძულებული დღე უბრალოდ ქრება, და იმაზე, რომ სამყაროში ზედმეტი დღე არ არსებობს, ორშაბათიც კი. აქ იცინებ, ჩაფიქრდები და შეიძლება პირველად შეგეცოდოს ორშაბათი.
წაიკითხე. სჯობს ორშაბათამდე, ყოველი შემთხვევისთვის.

