Kato Jyotish ✦
ვედური შამანი ბებია ჩაის ასხამს, წინ ოქროსფრად ანთებული ვედური რუკა, ზემოთ 27 ვარსკვლავის რგოლი
← სტატიები

ვედური თუ დასავლური ასტროლოგია? (მარტივი ენით)

რატომ შეიძლება ორმოცი წელი ლომი იყო და ერთ დილას კირჩხიბი აღმოჩნდე?

კატო მაყაშვილი · 26 ოქტომბერი, 2026

ცა ერთია. პლანეტებიც იგივეა, მთვარეც ის ძველი მთვარეა, რომელიც ყოველ თვე სახეს იცვლის, თითქოს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვინ არის. მაგრამ ამ ერთ ცას ორი სხვადასხვა სპეციალისტი აკვირდება: დასავლური და ვედური ასტროლოგია. და როგორც ყველა კარგ სპეციალისტს სჩვევია, ესენიც ერთსა და იმავე ამბავს ორნაირად ჰყვებიან.

დასავლური ასტროლოგია ის ბიძაშვილია, ფსიქოლოგია რომ ისწავლა და ყველაფერს შენი „შინაგანი ბავშვის“ ენაზე გიხსნის. ვედური კი ბრძენი, თეთრთმიანი, შამანი ბებიაა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ დაიბადა ინდოეთში (ზუსტ თარიღს არ ამბობს, ქალბატონს ასაკს არ ეკითხებიან).

ბებიას „ვინ ხარ“ ნაკლებად აინტერესებს. მისი საყვარელი სიტყვაა „როდის“: როდის ღირს გადასვლა, როდის ქორწილი, როდის ჯობია, რომ უბრალოდ დაწვე და არაფერი წამოიწყო. ორივე პატივსაცემია. მაგრამ თუ შენ ცხოვრებაში არა მარტო „ვინ ვარ“, არამედ „რა ვქნა და როდის“ გაწუხებს, ვედურ ბებიასთან ჩამოჯდომა ღირს. აი, რატომ.

1. სადაც ვარსკვლავები სინამდვილეში დგანან

დასავლური ასტროლოგია ზოდიაქოს წელიწადის დროებს უკავშირებს: გაზაფხულის ბუნიობის დღეს მზე ყოველთვის ვერძის პირველ გრადუსზე „დგას“, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვარსკვლავებია სინამდვილეში მის ზურგს უკან. ამას ტროპიკული ზოდიაქო ჰქვია.

ვედური ასტროლოგია კი ცას პირდაპირ უყურებს და ნამდვილ თანავარსკვლავედებს ითვლის (სიდერული ზოდიაქო). საქმე ისაა, რომ დედამიწა ბზრიალასავით ტრიალებს (ბრტყელი დედამიწის მომხრეებთან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ სტატიას ახლა ასე სჭირდება), ოღონდ ისეთი ბზრიალასავით, რომელიც უკვე დაიღალა: მისი ღერძი ნელ-ნელა ირხევა. ამ რხევას პრეცესია ჰქვია და საუკუნეების განმავლობაში ორი ზოდიაქო ერთმანეთს ისე დაშორდა, როგორც ორი მეზობელი, რომლებიც ერთ დროს ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ და ერთად ვახშმობდნენ კიდეც. დღეს მათ დაახლოებით 24-გრადუსიანი უფსკრული აშორებთ.

შედეგი: ადამიანების უმეტესობა ვედურ რუკაში ერთი ნიშნით უკან გადაინაცვლებს. ლომი კირჩხიბი ხდება, ტყუპი კურო. პირველი რეაქცია ჩვეულებრივ ასეთია: „ესე იგი, მთელი ცხოვრება სხვის ჰოროსკოპს ვკითხულობდი? მაშ, მე ვინ ვარ სინამდვილეში?“

ახლა ცის ზუსტი მისამართიც გაქვს. ბენეფიტი: ვედური რუკა იმ ცას აღწერს, რომელიც შენი დაბადების ღამეს მართლა ეკიდა სამშობიაროს თავზე.

2. მზე პრეზიდენტია, მთვარე პრემიერ-მინისტრი

დასავლეთში კითხვა „რა ნიშანი ხარ?“ მზის ნიშანს ეხება. პრობლემა ისაა, რომ მზე ერთ ნიშანში მთელ თვეს ატარებს, ესე იგი, შენი „უნიკალური“ ხასიათი კაცობრიობის მეთორმეტედს ერთად აქვს. ეს უკვე ჰოროსკოპი კი არა, საერთო საცხოვრებელია.

ვედური ასტროლოგია მთავარ როლს მთვარეს და ლაგნას (ასცენდენტს) აძლევს. მთვარე გონებაა, განწყობა, ის, რასაც ღამის სამ საათზე ფიქრობ. ის ნიშანს დაახლოებით ორნახევარ დღეში ერთხელ იცვლის, ხოლო ასცენდენტი საშუალოდ ორ საათში ერთხელ. ბენეფიტი: რუკა გაცილებით პირადია. ეს უკვე შენი ბინაა, არა მთელი კორპუსის.

3. ნაკშატრები: ზოდიაქოს უბნები

თუ ზოდიაქო ქალაქია, ნიშნები მისი რაიონებია. მაგრამ ვინც თბილისში ცხოვრობს, იცის, რომ ვაკეში ცხოვრება საკმარისი არ არის. ჭავჭავაძეზე და აბაშიძეზე სხვადასხვანაირი ცხოვრებაა.

ვედურ ასტროლოგიას ამისთვის 27 ნაკშატრა აქვს: მთვარის „სადგომები“, თითოეული 13 გრადუსი და 20 წუთი. თითოეულს თავისი ხასიათი, მმართველი პლანეტა და სიმბოლო აქვს. ბენეფიტი: ნაკშატრით ზუსტდება ხასიათი, წყვილების თავსებადობა და ის, თუ რომელი დღეა კარგი ახალი საქმის დასაწყებად.

4. დაშები: შენი ცხოვრების მორიგეობის გრაფიკი

აი, აქ ვედური შამანი ბებია ნამდვილად იმარჯვებს.

ვიმშოტარი დაშა 120-წლიანი სისტემაა, სადაც ცხრა პლანეტა რიგრიგობით „მორიგეობს“ შენს ცხოვრებაში. ვენერა ოც წელს იღებს, მზე ექვსს, სატურნი ცხრამეტს და ასე შემდეგ. თითქოს ცაზე ოფისი იყოს, სადაც კედელზე ცხრილი კიდია: ვინ არის დღეს ცვლაში, ვის მოაქვს ყავა და ვინ დააგვიანებს ყოველთვის (რაჰუ! ყოველთვის რაჰუ!).

ბენეფიტი: დაშები დროზე პასუხობენ. როდის ღირს სამსახურის შეცვლა, როდის ქორწილი, როდის ემიგრაცია და როდის ჯობია უბრალოდ დაწვე და ჩაი დალიო. დასავლური ასტროლოგიაც ითვლის ტრანზიტებს, მაგრამ ასეთი გრძელვადიანი „კალენდარი“ ვედური ასტროლოგიის პერანგის სახელოში დამალული კოზირია.

5. დივიზიური რუკები: ფოტოს ზუმი

შორიდან გადაღებულ ფოტოზე სახლი კარგად ჩანს. გაადიდებ და აივანზე კატა გამოჩნდება, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში შენ გიყურებდა.

ვედური ასტროლოგია ერთი რუკიდან რამდენიმე „დაზუმულ“ რუკას აკეთებს. ნავამშა (D9) ქორწინებასა და შინაგან ძალაზე ყვება, დაშამშა (D10) კარიერაზე. ბენეფიტი: ცხოვრების თითოეულ სფეროს თავისი ცალკე სურათი აქვს და ერთი ზოგადი შთაბეჭდილებით აღარ კმაყოფილდები.

6. სატურნი თუ გამიბრაზდა, რა ვქნა?

ვედური ასტროლოგი მხოლოდ დიაგნოზს არ გისვამს. ის რჩევასაც გაძლევს: ამას უპაია ჰქვია. მანტრა, ქველმოქმედება კონკრეტულ დღეს, მარხვა, ხანდახან ქვა (ოღონდ ქვა მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის მერე, თორემ ბაზრობაზე ნაყიდ „ბედნიერების ბეჭედში“ მხოლოდ გამყიდველს უმართლებს). ბენეფიტი: ასტროლოგია პასიური ცქერიდან მოქმედებად იქცევა.

და დასავლურს რა დავაბრალოთ?

არაფერი, სიმართლე გითხრა. დასავლურ ასტროლოგიას თავისი ძლიერი მხარეები აქვს: თანამედროვე, მარტივად გასაგები ენა და ის, რომ ყველა ასტროლოგიური მემი სწორედ მის ენაზეა დაწერილი.

მაშ, რომელი ავირჩიო?

ორივე ერთსა და იმავე ცას უყურებს, უბრალოდ სხვადასხვა კითხვას სვამს. დასავლური გეკითხება: „ვინ ხარ?“ ვედური გეკითხება: „ახლა რა ხდება, რა ხდება მერე და როგორ მოიქცე?“

თუ საკუთარი ხასიათის პორტრეტი გინდა, დასავლური ლამაზ სურათს დაგიხატავს. თუ რუკა და კალენდარი გჭირდება, ვედური შამანი ბებია უკვე ჩაის ასხამს და გელოდება.

ბოლოს კი ერთი პატარა სიმართლე: ვარსკვლავები არაფერს გაიძულებენ. ისინი ამინდის პროგნოზს ჰგვანან. გეტყვიან, რომ წვიმა მოდის, მაგრამ ქოლგა მაინც შენ უნდა მოიმარჯვო.

მოგეწონა? გაუზიარე მეგობარს:

✦

ბებია უკვე ჩაის ასხამს

ნახე, რას გეტყვის შენი ვედური რუკა